სკოლის მოსწავლეების 48%-ს შეხება აქვს ონლაინსამორინესთან - კვლევა
არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის” დამფუძნებელმა, გუგა ბესელიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აზარტულ თამაშებში ჩართული სკოლის მოსწავლეების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა.
ორგანიზაციამ თბილისის 10 სკოლაში ჩაატარა კვლევა, რომელშიც 500 მოსწავლე მონაწილეობდა. გამოიკითხნენ მე-9-მე-12 კლასების მოსწავლეები, რომელთა ასაკობრივი ჯგუფი იყო 14-დან 18-წლამდე. კვლევის მიხედვით, გამოკითხული ბიჭების 56%-ს და გამოკითხული გოგოების 44%-ს აქვს აზარტულ თამაშებთან შეხება.
„ჩვენმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ, საერთო ჯამში, გამოკითხული სკოლის მოსწავლეების 48%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს 18 წლამდე მოზარდებისთვის აზარტულ თაშებთან შეხებას. ტენდენცია არის ისეთი, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ. მაგალითად, თუ გამოვაკლებთ ამ გამოკითხვას 14 წლის მოსწავლეების მონაცემებს და შევხედავთ 15-დან 18 წლამდე ასაკის სტატისტიკას, მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება და შეადგენს 59%-ს“, - აღნიშნა გუგა ბესელიამ.
მისივე თქმით, მოზარდები ონლაინსამორინეების შესახებ ინფორმაციას ძირითადად ინტერნეტრეკლამით იღებენ - 75%. როგორც ბესელიამ აღნიშნა, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე აზარტული თამაშების შესახებ სარეკლამო ბილბორდებია.
„გამოვიკვლიეთ ასევე, რომ რეგისტრაცია ხდება ძალიან მარტივად. თავად ონლაინსამორინეებს აქვს ძალიან სუსტი კონტროლის მექანიზმი - ნებისმიერ ფიზიკურ პირს საქართველში შეუძლია ინტერნეტსამორინეში დარეგისტრირება და თამაში. ჩვენ ჩავატარეთ ცდა, ჩემი შვილი, რომელიც არის 5 წლის, მისი დაბადების მოწმობით დავარეგისტრირეთ ერთ-ერთ სამორინეში. ეს არის სრულიად ზღვარგადასული და დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემა. ჩვენ ახლო მომავალში ვაპირებთ მივმართოთ პარლამენტს ინიციატივით, რომ შეიზღუდოს აზარტული თამაშების რეკლამა და ასევე ონლაინ სამორინეებს ჰქონდეთ წვდომა სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, რომ არასრულწლოვნებმა დარეგისტრირება ვეღარ შეძლონ“, - განაცხადა გუგა ბესელიამ.